წმინდა ნინოს ცხოვრება
წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიელი იყო, კეთილშობილი ოჯახიდან. მამა - რომის მხედართმთავარი, დედა - იერუსალიმის პატრიარქის და. ნინო 12 წლის იყო როცა მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს, იერუსალიმში წავიდნენ და მონაგები იქაურ გლახაკებს დაურიგეს. 14 წლისას ნინოს ღვთისმშობელი გამოეცხადა და ქართლში წასვლა უბრძანა ჭეშმარიტი სარწმუნოების საქადაგებლად და ვაზის ჯვარი მისცა (რომელიც ახლა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში, ინახება). წმინდა ნინომ მრავალი გაჭირვებით, ლოცვით და სასწაულით წარმართი საქართველო ქრისტიანობაზე მოაქცია. მეფე მირიანმა და დედოფალმა ნანამ პირველად ირწმუნეს ქრისტე და ახლადგაქრისტიანებულმა მირიან მეფემ 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ნინო ბოდბეში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. მის საფლავს საუკუნეებია, ქართველები პატივს მიაგებენ. ბოდბის მონასტერი დღესაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წმინდა ადგილია საქართველოში.
0:00
0:00